
ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უთვალსაჩინოესი ძეგლია, რომელიც ქალაქის ცენტრში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარედ არის გაშენებული.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უთვალსაჩინოესი ძეგლია, რომელიც ქალაქის ცენტრში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარედ არის გაშენებული. ბაღის ფართობი შეადგენს 26 ჰექტარს, მდებარეობს ზღვის დონიდან 122 მ სიმაღლეზე. აღნიშნული გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატური პირობებით ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ბაზას ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვლევისა და აკლიმატიზაციისათვის.
ბოტანიკური ბაღის ისტორია დაკავშირებულია ადგილობრივი მმართველი დინასტიის-დადიანების რეზიდენციის მშენებლობის ისტორიასთან. მისი განაშენიანება დაახლოებით XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.
თუმცა, 1840 წელს, სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა საფუძველი ჩაუყარა უკვე ევროპული სტილის დეკორატიულ ბაღს. საამისოდ აუცილებელი მასალა (თესლეული და ნერგები) სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანმა საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის სასახლის (პარიზი) ბაღიდან და მილანიდან (იტალია) გამოიწერა, ხოლო ბაღის დასაგეგმარებლად ტრიესტიდან (იტალია) საგანგებოდ მოიწვია ცნობილი სპეციალისტი მებაღე ჟოზეფ ბაბინი.
ფრანგულ სიმეტრიულ სტილსა და განაშენიანების იტალიურ პრინციპზე დაყრდნობით, ჟოზეფ ბაბინმა შექმნა ევროპული სტილის დეკორატიული ბაღი ყვავილნარებით, გაზონებით, ხელოვნური და ბუნებრივი პეიზაჟებით, ხეივნებით, აუზითა და კუნძულით, სანერგითა და ორანჟერეით, რომლებშიც იშვიათი ჯიშის ეგზოტიკური მცენარეები გააშენა.
1869 წელს, აქტიურად იწყება ბაღის განახლების მეორე ეტაპი, როდესაც ეკატერინე დედოფალმა ფარეზედან (იტალია) მებაღე-დეკორატორად მოიწვია გაეტანო ზამბერლეტი (მოგვიანებით მისი ძმა - ჯიოვანიც).
ბაღის ტერიტორიას დღემდე ამშვენებს ინდოეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან თუ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და ადგილობრივი ენდემური ჯიშის ხეები,
აგრეთვე სხვა მცენარეები, რომელთა სახეობა 200-ს აჭარბებს და სპეციალისტთა აზრით, ბევრ მათგანს კავკასიის რეგიონში ანალოგი არ მოეპოვება. ხე-მცენარეთა საერთო რაოდენობა კი 8000 ერთეულს აღწევს.
ბოტანიკური ბაღი ცნობილია თავისი უნიკალური მცენარეებითა და ბუჩქებით. მათ შორის ,,წითელ წიგნში’’და გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები (ურთხელი, - Taxus baccata,და წაბლი- ჩვეულებრივი- Cestanea sativa კაკლის ხე,- Juglans regial ,კოლხური ბზა- Buxus colchica ძელქვა- Zelkova carpinifolia, კეთილშობილი დაფნა- Laurus Nobilis და სხვ).
2017-2019 წლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ჩაუტარდა სრული ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია.
იდენტიფიცერებულ იქნა დღემდე შემორჩენილი ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტები.
ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს ზუგდიდის ისტორიის განუყოფელ ნაწილს, ისაა ქვეყნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომელსაც საყურადღებო ისტორიული ფასეულობა გააჩნია.
ბაღმა ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქალაქის განუმორებელი იერსახის ჩამოყალიბებაში და მდიდარი ეგზოტიკური მცენარეული კოლექციის შექმნაში, ასევე საკმაოდ დიდი საგანმანათლებლო ფუნქციაც შეასრულა. იგი იქცა სამეგრელოში ძვირფას მცენარეთა ინტროდუქციის კერად, საიდანაც ასობით უცხო მცენარე ფართოდ დაინერგა მოსახლეობაში, გაშენდა მრავალი ბაღი, სკვერი და პარკი სამეგრელოს სოფლებში, დაბებსა და ქალაქებში.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე პირველხარისხოვანი არქეოლოგიური და ისტორიულ - არქიტექტურული ხასიათის ობიექტი (ჯვარედინა სასახლე, ორანჟერეა, სამთავრობო სასახლე და სხვ).
2007 წლის 1 ოქტომბერს, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურულ კომპლექსს და ბოტანიკურ ბაღს მიენიჭა საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.